#

ჩვენ შესახებ

ქვევრულა

ჭეშმარიტება ქვევრშია

ღვინო დეტალებშია!

ამ სრულიად სამართლიანი სიტყვებით მოგესალმებით ქართული კულტურის მარგალიტის - ქვევრის 8000-წლიანი ტრადიციის დიდ დღესასწაულზე! საქართველო ხომ საყოველთაოდ აღიარებული მეღვინეობის აკვანია, ყურძნის წვენის დუღილის და ახალ არსებად - ღვინოდ - ქცევის დიდოსტატია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მსოფლიოს ბევრმა ენამ ამ ღვთაებრივი სასმელის - ღვინის - აღმნიშვნელი სიტყვა ქართულიდან ისესხა!

მრავალი ცივილიზაციის მიხედვით, ღმერთმა ადამიანი თიხისგან შექმნა. ასე რომ, თიხაა ის მასალა, რომელიც პოტენციურად მზად არის, მიიღოს ცხოველმყოფელი სული და სრულიად ახალ ქმნილებას დაუდოს სათავე. მსგავსი რამ ხდება ქვევრშიც, როცა მასში მადლიანი ნაჟური ღვივილს იწყებს, როცა მატერიალური და სულიერი ძალები ერთად მოქმედებენ ახალი სიცოცხლის შესაქმნელად.

ქვევრი ის წიაღია, რომელშიც ყურძნის მარცვალი ხელახლა იბადება, ფერიცვალებას განიცდის და ახალ არსებად - ღვინოდ ევლინება ამ სამყაროს. აქვე გავიხსენოთ უძველესი ქართული ტრადიცია, როცა მიცვალებულებს ქვევრში ასვენებდნენ, სწორედ მომავალი აღდგომის იმედით.

ღვინოს ერთი საოცარი თვისება აქვს: ყოველ ჯერზე იგი, ადამიანის მსგავსად, საკუთარი განუმეორებელი ხასიათის მატარებლად გვევლინება - ერთი რთველის მოსავალმა შეიძლება უთვალავი ახალი „პიროვნება“ შვას. აქიდან გამომდინარე, ბრძენმა ქართველმა გლეხმა წესად დაადგინა თითოეული ქვევრის შექმნა-გამოზრდა საკუთარი შვილივით, თავისი განუმეორებელი ხასიათით, რათა მასში ბინა დაიდოს და ღვივილ-ღვივილით აღმოცენდეს კიდევ ერთი, ყველასგან განსხვავებული ახალშობილი, სულიერისა და მატერიალურის ერთობა - ღვინო.

თითოეული განუმეორებელი ქვევრის ძერწვისას ჩვენი ოსტატებიც უბადლო ხალხურ მრავალხმიანობას აღიღინებენ და ერთგვარ რიტუალსაც ატარებენ: შესაქმეს პროცესში მყოფ წიაღს ღმერთს ავედრებენ, რათა მან თავის დროზე მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართულ ღვინოს მისცეს დასაბამი.

ჩვენ ვიყენებთ კავკასიონის ძირში მოპოვებულ თიხას. მშობლიური მთების სიძველე, რომლებიც დედამიწაზე ერთ-ერთ ადრეულ მასივს წარმოადგენს, განაპირობებს ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა მასალის ყველა შესაძლო დადებით თვისებას, რაც ასე აუცილებელია დახვეწილი ღვინის „გამოსაძერწად”. ამ მთებმა ხომ დროის გამოცდას გაუძლეს და დღემდე მოგვიტანეს მათ სიღრმეებში დამალული ბუნებრივი საგანძური!

და კიდევ...

უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპრები თიხის „მოსავალს“ იღებენ ახალ მთვარეზე, ზაფხულში, თვეში ერთხელ, და ისიც შეზღუდული რაოდენობით. ბოლო დრომდე მავანნი ამას მხოლოდ ხალხურ ადათად აღიქვამდნენ, თუმცა მეცნიერულმა კვლევამ უკვე დაადასრუტა, რომ ახალი მთვარის გამოჩენა ხელს უწყობს ჭარბ ნალექს და ცვალებად ამინდს, რაც, თავის მხრივ, ქმნის იდეალურ პირობებს თიხაში იმ თვისებების წარმოსაჩენად და გასაღვივებლად, რომლებიც შედეგად იძლევა განუმეორებელ ქვევრს.

ჩვენს ინდივიდუალურად შექმნილ ქვევრებს ერთვის უნიკალურობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და უკლებლივ ყველას ახლავს ტანზე ოსტატის მიერ ამოტვიფრული ხელმოწერა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვევრის საოცარ სამყაროში! გაეცანით უნატიფესი ღვინის სავანეებს, რომლებიც სათუთად მესვეურობენ ნაჟურს ახალი სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე, და დამსახურებულად დატკბით თქვენი შრომის ნაყოფით!